„საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა“ მიერ პროგრამაში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის ერთ-ერთი დაჯილდოებული ილია ბაბალაშვილია. ილია "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა" მიერ შემოთავაზებულ პროექტებსა და შესაძლებლობებზე საკუთარ გამოცდილებასა და ხედვას გვიზიარებს:
ორგანიზაციაში - „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“ აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან შესაძლებლობა გვაქვს უშუალოდ შევხვდეთ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ დიპლომატებს. მოვუსმინოთ, ვესაუბროთ და გავიზიაროთ მათი პრაქტიკული გამოცდილება. განსაკუთრებით საინტერესოა უკვე შემდგარი და წარმატებული ქვეყნების მაგალითების მოსმენა, თუ როგორ მუშაობენ იქ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ პროექტებში ჩართულობა კი საშუალებას გვაძლევს, შევიქმნათ მკაფიო წარმოდგენა საგარეო პოლიტიკის შესახებ და აქედანვე ჩავერთოთ საერთაშორისო აქტივობებში. ეს სამომავლოდ, პროფესიის არჩევისთვისაც ძალიან მნიშნველოვანი გამოცდილებაა. ჩვენი, ახალგაზრდების ამ ასაკიდანვე მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებსა და ევროინტეგრაციის პროცესში აუცილებლად დადებით გავლენას იქონიებს არაერთ საკითხზე. ქვეყნის განვითარებისთვის მომავალ თაობებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მეტი ცოდნა და განათლებაა საჭირო. "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა" მიერ შემოთავაზებული პროექტები კი ამ ცოდნის ხარისხიანად მიღებისა და მომავალში წარმატების მიღწევის გარანტია“.