ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი რომან შტრასე საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ის დიპლომატებს ევროკავშირის, მისი სტრუქტურის, შესაძლებლობებისა და სამუშაო პრინციპების შესახებ ესაუბრა. რომან შტრასემ ახალგაზრდებს დეტალურად გააცნო ის პრაქტიკული სამუშაო და სასწავლო შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი და ევროპარლამენტი მათ სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ქართველ ახალგაზრდებს არაერთი პოტენციური კარიერული შესაძლებლობა მიეცათ, რომლის შესახებაც კომპეტენტური პირისგან კვალიფიციური ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია. როგორც რომან შტრასემ შეხვედრაზე აღნიშნა, მსგავსი ტიპის შეხვედრები ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ორიენტირის მიმცემია კარიერული დაგეგმარებისა და წინსვლისთვის როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა დიპლომატებმა ლექციების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ამგვარი შეხვედრები მათ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების სწორად გამოყენებასა და სამომავლო პროფესიული ცხოვრების დაგეგმვაში ღირებულ დახმარებას უწევს.